თუ ოდესმე ხულოში მოხვდებით, აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, აუცილებლად გასაკეთებელ საქმეთა სიაში შეიყვანეთ საბაგირო გზით გასეირნება ხულოდან სოფელ თაგომდე და უკან.ტურისტებში ყველაზე პოპულარული და ექსტრემალური შეგრძნებებით სავსე მარშრუტი, სოფელ თაგოში მცხოვრები 400-მდე ადამიანისთვის ყოველდღიური რუტინული გზაა სახლამდე. საბაგირო ევროპაში უსაყრდენო საბაგიროებს შორის მეორეა ადგილზეა.ხულოს ცენტრში პირველად რომ მოვხვდი, საბაგირო გზის სადგურს მივაკითხე. დღის 12 საათზე წითლად შეღებილი საბაგიროს კაბინისა და მისი გამცილებლის გარდა ირგვლივ არავინ ჩანდა. წესი ასეთია – თუ გსურს ადგილობრივების მსგავსი ტარიფით (20 თეთრი ერთი გზა) იმგზავრო, მაშინ უნდა დაელოდო სანამ რამდენიმე მგზავრი არ მოგროვდება თუ არადა ხუთი ლარი უნდა გადაიხადოთ.
იმ დილით ჩემი თანამგზავრი ღამენათევი, სამუშაო ცვლიდან სახლში მიმავალი სასწრაფოს მძღოლი აღმოჩნდა. როგორც კი ზარმა დარეკა და საბაგირომ სვლა დაიწყო, პირველი რაც გავიფიქრე ის იყო,ნეტავ მეორე ნაპირზე მშვიდობით გავიდეთქო. პირველმა შიშმა რამდენიმე წამში გამიარა და ფოტოების გადაღება დავიწყე. საბაგირომ ნელა, ზოზინით გადაუარა მდინარე აჭარისწყალს, სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და სულ რაღაც ათ წუთში თაგოში აღმოვჩნდით.თაგო პატარა, მთიანი სოფელია ხულოს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი აქ სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობაა. ცნობილი ხულოს კარტოფილის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ თაგოში მოჰყავთ. სოფლის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საბაგირო. მე პირადად არ მინახავს, მაგრამ როგორც თაგოელებმა მითხრეს სამანქანე გზა დაზიანებულია და იქ მანქანით გადაადგილება ჭირს. ხალხი თაგოში ღია და სტუმართმოყვარეა. როცა ფოტოაპარატით გხედავენ ჯერ გეკითხებიან „რომელი ტელევიზიიდან ხარ?“, როცა ეუბნები რომ ტელევიზია არ ხარ და შენთვის მოგზაურობ, ჯერ უკვირთ, შემდეგ ყავაზე გპატიჟებენ და ათას ამბავს გიყვებიან.
ცოტა დრო მქონდა, ნახევარ საათში უნდა მომესწრო სოფლის დათვალიერება, რადგან მერე შესვენება იწყებოდა და საბაგირო თაგოს მხარეს დღის სამ საათამდე არ გამოვიდოდა. სოფლის ორღობეში პირველი მოხუცი ქალი შემხვდა, ადრე ხულოში ცნობილი მეანი ყოფილა, ახლა პენსიაშია და სოფელში საკუთარ შვილიშვილებს ზრდის. სოფლის ცენტრში იმ დროს მივედი, კაცები ლოცვისთვის ემზადებოდნენ. თაგოს მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია. როგორც მითხრეს ცდილობენ როცა ლოცვის დრო მოდის, ერთად შეიკრიბონ და მეჩეთში ილოცონ.სოფლიდან წამოსვლის დრო რომ მოვიდა, საბაგიროსთან მისულს შესვენების
დაწყებამდე „ბოლო რეისზე“ უამრავი ხალხი დამხვდა. ზოგს ბათუმში სურდა წასვლა,ზოგს ხულოში ჰქონდა საქმე. პატარა წითელი კაბინა ხალხით გაიჭედა, ზარმა დარეკა და საბაგირო ხულოსკენ გაუდგა გზას.